ყველამ კარგად ვიცით თამბაქოს უარყოფითი გავლენის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობაზე. შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემების თანახმად, მხოლოდ აშშ-ში საშუალოდ 443,000 ადამიანი კვდება ნაადრევად სიგარეტის კვამლით. აშშ-ში 46 მილიონი მწეველია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ წელს „ნაადრევი სიკვდილის“ ალბათობა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც ეწევა, თითქმის 1%-ია (თუ დავუშვებთ, რომ ეს რიცხვები გრძელვადიან პერსპექტივაში უცვლელია). თუკი ადამიანი 10 წელი ეწევა, ალბათობა იმისა, რომ ნაადრევად მოკვდება, 9%-მდე იზრდება.
უფრო მეტიც, იმ წლების რაოდენობა, რომლითაც ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირდება, საკმაოდ საყურადღებოა. როგორც ერთ-ერთი ჯანმრთელობის საკითხებზე სპეციალიზებული ბრიტანული ვებ-გვერდი (www.patient.co.uk) წერს: „თუ თქვენ დიდი ხანია ეწევით, საშუალოდ, თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 წლით ნაკლებია არამწეველთან შედარებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 10-დან 8 არამწეველი ცხოვრობს 70 წელზე მეტ ხანს, ეს მაშინ, როდესაც დიდი ხნის მწეველთა მხოლოდ ნახევარი აღწევს ამ ასაკს. ადამიანი რაც უფრო ახალგაზრდა ასაკში იწყებს მოწევას, მით უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში იქნება მწეველი და, შესაბამისად, ადრე მოკვდება“.
რატომ ეწევიან?
აქ ჩნდება კითხვა, თუ რატომ ეწევა ხალხი სიგარეტს მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა. თუ დავინტერესდებით ამ მავნე ჩვევით, დავინახავთ ეკონომისტთა რამდენიმე სტანდარტულ მოსაზრებას.
გამოჩნდებიან ისეთებიც, ვინც ამტკიცებს, რომ მოწევა სულაც არ არის არარაციონალური. შესაძლოა, ეს ჩვევა ეხმარება მწეველებს მათი სარგებლის გაზრდაში. სწორედ ასე ფიქრობს ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში, გარი ბეკერი. ის თავის ცნობილ ნაშრომში „რაციონალური ჩვევების თეორია“ (A Theory of Rational Addiction, Journal of Political Economy 96, 1988, 675-700 გვ.) სწორედ ამ მოსაზრებას განიხილავს. მისი აზრით, არჩევანი (preference) ეგზოგენურად არის მოცემული, ესა თუ ის ქცევა კი რაციონალურია ყოველთვის, როდესაც იგი შეესაბამება ამ არჩევანს (preference). ამგვარად, ჩვენ გაგვიჭირდება განსაზღვრა, ნამდვილად არარაციონალურია თუ არა მოცემული ქცევა, რამდენადაც ყოველთვის არსებობს პოტენციური არჩევანი (preference), რომლის შემთხვევაშიც ამგვარი ქცევა სრულიად ოპტიმალურია. ქცევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს შინაგანად შეუსაბამოდ, როდესაც არ არსებობს შესაძლო არჩევანი (preference), რომელიც თავსებადი იქნებოდა აღნიშნულ ქცევასთან. ამ თემასთან დაკავშირებული ყოფითი მაგალითების მოყვანა რთულია, თუმცა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც იატაკს წმენდს, თუმცა ჭუჭყიანი ფეხსაცმელი აცვია (თან იცის, რომ ფეხსაცმელი ჭუჭყიანია). წმენდის პროცესში მოწმენდილი ადგილები ისევ ჭუჭყიანდება. ასეთ შემთხვევაში რთული იქნებოდა ისეთი არჩევნის (preference) პოვნა, რომელიც შეესაბამებოდა ამგვარ ქცევას.
თუ მოწევა ნამდვილად შეესაბამება მწეველის არჩევანს (preference), უნდა ვივარაუდოთ, რომ სიგარეტის ფასის ზრდის შემთხვევაში, მოწევა მცირდება. ეს მართლაც ასეა. ერთ-ერთ ბოლო კვლევაში „ფასები და მოთხოვნა სიგარეტზე: განვითარებად ქვეყნებში ახალგაზრდების მიერ სიგარეტის მოხმარება“ (Prices and Cigarette Demand: Evidence from Youth Tobacco Use in Developing Countries – Kostova, Ross, Blecher, and Markowitz, 2010, NBER ნაშრომი 15781) შეფასებულია, რომ განვითარებად ქვეყნებში მწეველთა ფასისადმი ელასტიურობა არის -1.2. ეს იმას ნიშნავს, რომ, თუკი სიგარეტის ფასი იზრდება 1%-ით, საშუალო მწეველი ამცირებს მოწევას 1.2%-ით. ასევე, სიგარეტის ფასის 1%-ით ზრდის შემთხვევაში, არამწეველის მიერ სიგარეტის მოწევის დაწყების ალბათობა მცირდება 0.63%-ით.
ეკონომისტთა ერთი ნაწილი განხილულ მავნე ქცევას არარაციონალურობის ჭეშმარიტ მაგალითად მიიჩნევს. მართლაც, ექსპერიმენტულ ეკონომიკასა და ფსიქოლოგიაში გამოვლენილია ბევრი გადახრა (ე.წ.სისტემური შეცდომები) ადამიანის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მაგალითად, დროის არჩევანი (preference), ეტაპი, როდესაც გადაწყვეტილების მიღებისას ხდება მომავალი შედეგების გათვალისწინება, შეიძლება ისე დამახინჯდეს, რომ ჩაითვალოს არარაციონალურად. ეს ე.წ. ახლანდელი გადახრა (present bias) არაერთ კვლევაშია განხილული (იხ. კვლევა „Time Discounting and Time Preference: A Critical Survey” – Frederick, Loewenstein, and O’Donoghue, 2002, Journal of Economic Literature 40, 351-401), თუმცა საკითხავია, რამდენად მიიღებდა გარი ბეკერი ახლანდელ გადახრას არარაციონალურობის მტკიცებულებად.
დაბოლოს, ეკონომისტთა ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ მოწევისკენ მიდრეკილებაზე გავლენას ახდენს პიროვნებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია. ეს საკითხი განხილულია ზემოთ ხსენებულ კოსტოვას, როსის, ბლეჩერისა და მარკოვიჩის ნაშრომში. მათ აღმოაჩინეს, რომ მწეველად გახდომის ალბათობა იზრდება, თუ ადამიანი იღებს ბევრ ინფორმაციას თამბაქოს რეკლამებიდან და მცირდება, რაც უფრო ძლიერია საზოგადოებაში თამბაქოს საწინააღმდეგო განწყობა.
მტკიცებულებები პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან
ყოველგვარი მტკიცების გარეშე, მინდა, წვლილი შევიტანო აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ დებატში და მოვიტანო მტკიცებულებები პოსტ-საბჭოთა, კერძოდ კი, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან. მოწევის ჩვევას ამ ქვეყნებში აქვს რამდენიმე მახასიათებელი, რომელთაც სხვაგან ძნელად თუ შეხვდებით. მაგალითად, მამაკაც მწეველთა უაღრესად დიდი რაოდენობა (წყარო: WHO „Smoking Patterns in Europe”), რაც, ალბათ, განპირობებულია კულტურული თავისებურებებით. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა სომხეთი და საქართველო, ტრადიციულად ითვლება, რომ ქალებს არ უნდა ჰქონდეთ ისეთი მავნე ჩვევები, როგორიც არის მოწევა ან დალევა, ეს მაშინ, როდესაც მამაკაცების მიმართ დამოკიდებულება უფრო შემწყნარებლურია. მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოს მოწევა არც მამაკაცებში არ არის წახალისებული, ქალებს უფრო მკაცრად აკრიტიკებენ, ხშირად ისეთი არგუმენტით, როგორიცაა: „მწეველი ქალი საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ, ისე მომავალი შვილების ჯანმრთელობასაც“ (ვინაიდან მამა არის მისაბაძი მაგალითი შვილებისთვის, მწეველ კაცებსაც, სავარაუდოდ, უარყოფითი გავლენა ექნებათ შვილებზე).
პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში მწეველ მამაკაცებს გამოარჩევს კიდევ ერთი თავისებურება – ისინი ეწევიან მკვეთრად დიდი რაოდენობით სიგარეტს დღის განმავლობაში. ძალიან დიდ დროს ვატარებ მწეველთან სომხეთიდან და მუდმივად გაოცებული ვარ, თუ რაოდენ ცოტა დრო სჭირდება იმისთვის, რომ მოიხმაროს მთელი კოლოფი სიგარეტი. თუმცა საკმაოდ რთულია ამ ერთი შეხედვით სახალისო მტკიცებულების ციფრებით გამყარება. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ქვეყნების მიხედვით შედგენილი უამრავი სტატისტიკური მონაცემი მწეველებისა და ერთ სულ მოსახლეზე თამბაქოს მოხმარების თანაფარდობასთან დაკავშირებით, ვერ შევძელი მომეძიებინა მონაცემები ერთ სულ მწეველზე სიგარეტის რაოდენობასთან დაკავშირებით. ამიტომ თავად გამოვთვალე ეს მონაცემი ERC World-ის თამბაქოს რუქის 2007 წლის მონაცემებსა და სხვა ხელმისაწვდომ წყაროებზე დაყრდნობით. თავდაპირველად დავიწყე სიგარეტის რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე, შემდეგ ეს რიცხვი გავყავი თითოეულ ქვეყანაში მწეველების პროცენტულ წილზე და მივიღე სიგარეტის რაოდენობა ერთ სულ მწეველზე. მაგალითად, სომხეთში ერთ სულ მოსახლეზე სიგარეტის წლიური მოხმარება არის 1,620. გამოდის, ქვეყნის მოსახლეობის 25% ეწევა. შედეგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ საშუალო მწეველი მოიხმარს 6480 ღერ სიგარეტს წელიწადში (1620/0.58). ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია ჩემი გამოთვლები ხუთი პოსტ-საბჭოთა (რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, საქართველო, სომხეთი) და ხუთი ევროპის (გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი) ქვეყნისათვის 2007 წელს.
პოსტ-საბჭოთა ქვეყნები | წლიურად სიგარეტის რაოდენობა ერთ სულ მწეველზე (2007 წელი) | ევროპის ქვეყნები | წლიურად სიგარეტის რაოდენობა ერთ სულ მწეველზე (2007 წელი) |
რუსეთი | 8000 |
გერმანია | 5000 |
უკრაინა | 8000 |
საფრანგეთი | 3900 |
ბელორუსია | 7000 |
ნიდერლანდები | 4000 |
სომხეთი | 6500 |
დიდი ბრიტანეთი | 3750 |
საქართველო | 4700 |
პოლონეთი | 4500 |
თუ მოწევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რაციონალურია, მწეველი შეადარებდა თითოეული სიგარეტის მოწევისგან მიღებულ სარგებელს მის ფასს, ასეთ შემთხვევაში მწეველმა სიგარეტი უნდა მოწიოს იმ შემთხვევაში, თუ სიგარეტში გადახდილი თანხის სარგებელი უფრო დაბალია, ვიდრე სიგარეტის მოწევისგან მიღებული სიამოვნების სარგებელი. საყოველთაოდ ცნობილი კლებადი ზღვრული სარგებლიანობის კანონის თანახმად, რაც უფრო მეტ სიგარეტს ეწევა ადამიანი, მით უფრო ნაკლებია თითოეული ღერის დამატებითი სარგებლიანობა. შედეგად, წერტილს, სადაც სარგებელი უკვე აღარ ამართლებს დანახარჯს, უფრო ადრე მივაღწევდით, სადაც დანახარჯი უფრო მეტია, რაც, თავისთავად, იწვევს სიგარეტის მოხმარების შემცირებას.
მაშასადამე, თუ მოწევა არის რაციონალური გადაწყვეტილება, ევროპის ქვეყნების მკაცრი საგადასახადო პოლიტიკა შეიძლება იყოს მოწევის შემცირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი. აღნიშნული მოსაზრების ემპირიული დადასტურების მიზნით, ჩვენ შევადარეთ სიგარეტის ფასი ოთხ ქვეყანაში, სახელდობრ, სომხეთში, რუსეთში, გერმანიასა და საფრანგეთში. International Business Times-ის მონაცემების მიხედვით, ერთი კოლოფი მალბოროს ფასი ამ ქვეყნებში, შესაბამისად, არის 1.45, 1.73, 6.79 და 8.83 აშშ დოლარი. თუ გავითვალისწინებთ კოსტოვას, როსის, ბლეჩერისა და მარკოვიჩის ნაშრომში მოყვანილ მოთხოვნის ელასტიურობის მაჩვენებელს (-1.2), შეგვიძლია ერთმანეთს შევადაროთ, მაგალითად, სომხეთისა და გერმანიის მონაცემები, რათა გავიგოთ, რამდენად შეიძლება აიხსნას მოხმარებას შორის არსებული განსხვავება ფასებს შორის არსებული სხვაობით. ვინაიდან სიგარეტის ფასი 468%-ით მეტია გერმანიაში, წესით, სიგარეტის მოხმარება 561%-ით მეტი უნდა იყოს სომხეთში. თუმცა, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, სხვაობა მხოლოდ 30%-ია. საფრანგეთში სიგარეტის ფასი 510%-ით მეტია რუსეთთან შედარებით, შესაბამისად, თუ სიგარეტის მოხმარებაში არსებული სხვაობა ძირითადად განპირობებულია ფასებს შორის არსებული სხვაობით, გამოდის, რუსეთში სიგარეტის მოხმარება 610%-ით მეტი უნდა იყოს საფრანგეთთან შედარებით. ფაქტობრივი სხვაობა კი მხოლოდ 205%-ია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სიგარეტის მოხმარებას შორის არსებული სხვაობა ბევრად ნაკლებია ფასებს შორის არსებულ სხვაობასთან შედარებით. ამგვარად, ფასების სხვაობა ვერ ხსნის მოხმარებას შორის არსებულ სხვაობას პოსტ-საბჭოთა და დასავლეთის ქვეყნებს შორის.
მაშინ რა ხდება ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან, იგივე ჯანმრთელობაზე თამბაქოს უარყოფითი ზეგავლენის შესახებ ცოდნასთან დაკავშირებით. სიგარეტის მოწევისგან გამოწვეული რისკებისადმი ადამიანების დამოკიდებულების შეფასების მიზნით, ჩავატარე პატარა კვლევა სომხეთსა და პოლონეთში (45 მონაწილე თითოეულ ქვეყანაში). მონაწილეებს, რომელთაგან ყველა მწეველი იყო, დავუსვი ორი კითხვა: 1. რამდენად მაღალია მწეველის ფილტვის კიბოთი გარდაცვალების შესაძლებლობა არამწეველთან შედარებით? 2. შანსი იმისა, რომ არამწეველი მამაკაცი მიაღწევს 73 წელს, არის 78%. რა არის შესაბამისი ალბათობა მწეველი ადამიანისთვის?
თუკი პირველ კითხვაზე პოლონელი მწეველების მიერ დასახელებული საშუალო რიცხვი იყო 69%, სომეხი მწეველების პასუხი იყო 34%. საშუალო პასუხი მეორე კითხვაზე პოლონელების შემთხვევაში იყო 47.5%, სომხების შემთხვევაში კი – 64%. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ხალხი პოლონეთში უფრო პესიმისტი და რეალისტია მოწევის შედეგებთან დაკავშირებით, რადგან მათი პასუხები უფრო ახლოს იყო რეალურ რიცხვებთან, რომლებიც პირველი კითხვის შემთხვევაში არის 2100%, მეორე კითხვის შემთხვევაში კი – 42%. ამასთან ერთად, სომეხი მწეველები ნაკლებად არიან გათვითცნობიერებული სიგარეტის უარყოფით გავლენაზე ჯანმრთელობაზე და, შესაბამისად, უფრო ოპტიმისტებიც არიან.
დასკვნა
თუ ჩავთვლით, რომ მოწევა არის არარაციონალური ქცევა, მაშინ ქვეყნებს შორის ასეთი დიდი სხვაობა არ უნდა გვქონდეს. მართლაც, რატომ უნდა იყვნენ სომხები და რუსები დასავლეთ ევროპელებზე ნაკლებად რაციონალურები?
მიუხედავად ამისა, ის ფაქტი, რომ პოსტ-საბჭოთა და დასავლეთის ქვეყნებში სიგარეტის ფასებს შორის არსებული სხვაობა კარგად ვერ ხსნის მოხმარებას შორის არსებულ სხვაობას, ეწინააღმდეგება შეხედულებას, რომ ეს განსხვავებული ქცევითი გამოვლინებები გამოწვეულია მწეველების მიერ დანახარჯი-სარგებლის ჯანსაღი ანალიზით. ფაქტია, მოწევისგან გამოწვეულ რისკებთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და ცოდნას შორის სხვაობაა, რაც, სავარაუდოდ, ხსნის მოწევის რაოდენობაში არსებულ სხვაობასაც. რომ შევაჯამოთ, ჩემ მიერ ჩატარებული კვლევა, თუნდაც იგი მიახლოებითი იყოს და არ აკმაყოფილებდეს აკადემიურ სტანდარტებს, შეიძლება ჩაითვალოს კლასიკური „რაციონალური ადამიანის პარადიგმის“ სუსტ მხარდაჭერად, თუნდაც, სულ მცირე, მოწევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების მეტად შეზღუდულ არეალში (უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი ემპირიული აღმოჩენა როგორც ეკონომიკური ექსპერიმენტებიდან, ისე რეალურისამყაროდან, ნათლად ეწინააღმდეგება ამ პარადიგმას).
პოლიტიკური თვალსაზრისით, თუ ვინმეს სურს, შეამციროს მოწევის რიცხვი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო და სომხეთი, მოწევასთან დაკავშირებულ რისკებზე ინფორმაციის მიწოდება ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა, ვიდრე სიგარეტის ფასების გაზრდა.
არამ გრიგორიანი ISET-ის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტია. მისი მიზანია სწავლის გაგრძელება სადოქტორო პროგრამაზე ევროპაში ან აშშ-ში.