29 მარტს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა პრეზენტაციას თემაზე „რუსული მიგრაციის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე 2022 წელს“. ღონისძიებაზე განხილულ იქნა რუსეთის მოქალაქეების უპრეცედენტო მიგრაცია საქართველოში, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა, იაროსლავა ბაბიჩმა და დავით კეშელავამ, წარადგინეს კვლევა, რომელიც აფასებს საქართველოში რუსული მიგრაციის ეკონომიკურ ზეგავლენასა და მასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ რისკებს. პრეზენტაციას მოჰყვა პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მირზა გელაშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ მესტვირიშვილი, და თიბისი ჯგუფის მთავარი ეკონომისტი, ოთარ ნადარაია.
კვლევის თანახმად, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველო იყო მე-5 ყველაზე პოპულარული მიმართულება მსოფლიოში რუსეთის მოქალაქეებისთვის. პირველი 9 თვის განმავლობაში საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთის 662 852 მოქალაქე შემოვიდა, რაც რუსული მიგრაციის 4%-ს შეადგენს. რუსეთიდან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გასვლებსაც თუ ჩავთვლით, საქართველო პირველ ადგილზე ხვდება, რადგან ქვეყანამ რუსეთის 5 351 169 მოქალაქე მიიღო, რაც 2022 წლის რუსული მიგრაციის 29%-ს შეადგენს.
პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ 2022 წლის ივლის-სექტემბერში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლების აბსოლუტური რაოდენობით საქართველომ მსოფლიოში მე-3 ადგილი დაიკავა, რაც შეიძლება „მეორე ტალღად“ შევაფასოთ. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მონაცემი 605%-ითაა გაზრდილი.
პრეზენტაციამ და პანელურმა დისკუსიამ წარმოადგინა ღირებული ინფორმაცია საქართველოში რუსული მიგრაციის ეკონომიკური ზეგავლენის შესახებ. შეხვედრამ ექსპერტებს საშუალება მისცა, დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრებები ქვეყანაში რუსი მიგრანტების შემოდინების ეკონომიკურ რისკებსა და ამ რისკების შერბილების გზებზე.