ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

თავის დანებება თუ იატაკქვეშეთში გადასვლა? თამბაქოს მომხმარებლების რეაქცია გამკაცრებულ რეგულაციებზე

31 მაისი „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ საერთაშორისო დღეა, რომელიც „თამბაქოს მოხმარების საშიშროებაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, თამბაქოს კომპანიების ბიზნესსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) თამბაქოს მოხმრების წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაზე ინფორმაციის გავრცელებას“ ემსახურება. 2021 წლის თემაა „თავი დაანებე მოწევას“, მწეველებს შეუძლიათ WHO-ის ვებ-გვერდზე გაეცნონ მოწევისთვის თავის დანებებაზე არაერთ სასარგებლო და საჭირო ინფორმაციას.

როგორც წინა ბლოგში დაგპირდით, ვაგრძელებთ ჯანმრთელობასა და ეკონომიკაზე მოწევის გავლენასთან დაკავშირებული თემების, ასევე ხელისუფლების მხრიდან საპასუხო ინტერვენციების შესწავლას. ამ სტატიაში ვისაუბრებთ CRRC-ის მიერ 2021 წლის არილში ჩატარებული კვლევის შედეგებზე. კითხვარში წარმოდგენილი იყო კითხვები მოსახლეობის ზოგად მახასიათებლებზე, მოწევასთან დაკავშირებულ ქცევებზე, ასევე, რას ფიქრობს საზოგადოება მოწევისთვის თავის დანებების მეთოდებსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე თამბაქოს სხვადასხვა პროდუქტის გავლენაზე. საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა სატელეფონო ინტერვიუს საშუალებით გამოიკითხა, კვლევისთვის შერჩეულ იქნა 1,236 ადამიანი. კვლევის დიზაინი საშუალებას გვაძლევს, შედეგები გავაანალიზოთ როგორც გენდერულ, ისე რეგიონულ ჭრილში (დედაქალაქი, სხვა ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებები). ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, 2016 წლის WHO STEPS-ის შემდეგ ეს პირველი კვლევაა თამბაქოსთან დაკავშირებულ საკითხებზე.


მოწევის გავრცელება

1-ელ ცხრილში მოცემულია ინფორმაცია მოწევის გავრცელების შესახებ, რომლის თანახმად, საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 27.1% ეწევა თამბაქოს „ტრადიციულ“ პროდუქტს (ყოველდღიურად ან უფრო იშვიათად), რაც 3.9 პროცენტული პუნქტით (ან 12.7%-ით) ნაკლებია, ვიდრე 2016 წელს. ეს შემცირება მეტწილად მოდის მამაკაცებზე, რომლებიც ნაკლებს ეწევიან – 43.3% 2021 წელს, მაშინ როდესაც 2016 წელს ეს მაჩვენებელი 57%-ს შეადგენდა, მწეველი ქალების წილი კი ამჟამად ოდნავ მეტია 2016 წელთან შედარებით. რეგიონული თვალსაზრისით, მოწევა ყველაზე გავრცელებულია თბილისში, სადაც მოსახლეობის თითქმის მესამედი მწეველია.

ცხრილი 1. ეწევით თუ არა თამბაქოს, სიგარეტს, შესახვევ თამბაქოს, ჩიბუხს, სიგარებს და ა.შ.?

 ინდიკატორი სულ დედაქალაქი ქალაქები სოფლები ქალები კაცები
დიახ, ყოველდღე 24.2 31.5 19.9 21.8 43.3 7.7
დიახ, უფრო იშვიათად 2.9 2.3 3.3 2.9 5.0 1.0
არა, თავი დავანებე 10.2 12.1 11.3 8.2 18.3 3.2
არასდროს მომიწევია 62.8 54.0 65.5 67.1 33.4 88.2

ეს შედეგები ხაზს უსვამს ბოლო წლებში თამბაქოს მაკონტროლებელ კანონმდებლობასა და დაბეგვრაში განხორციელებული ცვლილებების ეფექტიანობას. ამასთან, კვლევით დადგენილი თამბაქოს მოხმარების შემცირების მასშტაბები საქართველოში მნიშვნელოვნად განსხვავებულია სიგარეტის ბაზრის ჩვენი წინა შეფასებისგან (რომლის ფარგლებშიც 2016-2019 წლებში გაყიდული სიგარეტის რაოდენობა დაახლოებით 50%-ით შემცირდა). ამ განსხვავებას, სავარაუდოდ, ორი ძირითადი ფაქტორი განსაზღრავს: ა) ბოლო წლებში მოწევის ინტენსივობა შემცირდა – მწეველები დღეში ნაკლებ სიგარეტს მოიხმარენ; და ბ) კვლევის მონაცემები მოიცავს როგორც ლეგალურ, ისე არალეგალურ ბაზრებს, ხოლო ჩვენი შეფასებები ემყარება საქსტატის ვაჭრობის და ფინანსთა სამინისტროს აქციზური მარკების მონაცემებს, რაც მხოლოდ სიგარეტის ლეგალურ ყიდვა-გაყიდვის შესახებ ინფორმაციას ასახავს.

კვლევამ შეაგროვა ინფორმაცია თამბაქოს “ზიანის შემამცირებელი პროდუქტების” (HRP) მოხმარების შესახებაც, რომლის პოპულარობა საქართველოში ჯერ კიდევ დაბალია, რადგან ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 3.5% და 3.3%, შესაბამისად, ეწევა ელექტრონულ სიგარეტს და გასახურებელ თამბაქოს (იხ. ცხრილები 2 და 3). ეს დიდად გასაკვირი არ არის, რადგან მთავრობის მოწევის საწინააღმდეგო პოლიტიკა ამ პროდუქტებს ტრადიციული სიგარეტისგან არ განასხვავებს. ასევე, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) ავრცელებს ინფორმაციას HRP-ს ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის შესახებ, რომლის თანახმადაც, ახალგაზრდებს შორის მათი მზარდი მოხმარება დიდ საზრუნავად იქცა. NCDC-ის თქმით, „არაერთმა კვლევა დაადასტურა, რომ სიგარეტის მოწევაზე უარის თქმის მიზნით ელექტრონული სიგარეტის მოწევა მცდარი აზრია. პირიქით, ეს ხელს უწყობს თამბაქოს მოხმარებას ან, ხშირ შემთხვევაში, კომბინირებულ მოხმარებას“.

ცხრილი 2. ეწევით თუ არა ელექტრონულ სიგარეტს?

 ინდიკატორი სულ დედაქალაქი ქალაქები სოფლები კაცები ქალები
დიახ, ყოველდღიურად 0.4 0.6 0.7 0.0 0.4 0.4
დიახ, გასული კვირის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ მოვწიე 0.1 0.4 0.0 0.0 0.2 0.0
დიახ, გასული 30 დღის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ მოვწიე 0.9 1.3 0.4 0.9 1.7 0.1
დიახ, უფრო იშვიათად 2.1 3.0 2.1 1.5 3.8 0.7
არა 96.5 94.7 96.8 97.6 93.9 98.8

 ცხრილი 3. ეწევით თუ არა გასახურებელ თამბაქოს?

 ინდიკატორი სულ დედაქალაქი ქალაები სოფლები კაცები ქალები
დიახ, ყოველდღიურად 1.0 3.0 0.0 0.2 1.4 0.6
დიახ, გასული კვირის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ მოვწიე 0.4 0.4 0.2 0.4 0.8 0.0
დიახ, გასული 30 დღის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ მოვწიე 0.2 0.3 0.3 0.0 0.3 0.1
დიახ, უფრო იშვიათად 1.8 5.4 0.6 0.1 2.2 1.4
არა 96.7 91.0 98.9 99.3 95.3 98.0

თუმცა, რადგან სულ უფრო მეტი ქვეყანა აღიარებს, რომ თამბაქოს “ზიანის შემამცირებელი პროდუქტების” ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ხელს უწყობს ჯანმრთელობისთვის ზიანის ეფექტიან შემცირებას და მოქმედებს როგორც თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებების საშუალება, საქართველომ შეიძლება განიხილოს თამბაქოს HRP-ების რეგულირება სიგარეტისგან განსხვავებულ ჭრილში. აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ასოციაციის ერთ-ერთმა ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებამ ბაზარზე IQOS-ის, როგორც მოდიფიცირებული რისკის მქონე თამბაქოს ნაწარმის მარკეტინგის დაშვების თაობაზე, შესაძლოა შეუწყოს ხელი ამ პროცესს. გარდა ამისა, გასახურებელი თამბაქო საქართველოში ოფიციალურად არ იყიდებოდა 2020 წლის ივლისამდე. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროდუქტი (IQOS)1 ახლა უკვე ხელმისაწვდომია უმეტეს ქართულ სუპერმარკეტებში (განსაკუთრებით თბილისში) და მისი ფასი პრემიუმ ბრენდის სიგარეტების მსგავსია, მან შეიძლება სწრაფად მოიპოვოს პოპულარობა „ტრადიციულ“ ქართველ მწეველებს შორის. ამის მიუხედავად, ხელისუფლება მაინც ფრთხილად უნდა იყოს, რადგან თამბაქოს ინდუსტრია, რეგულაციების გამკაცრებისა და სიგარეტის ბაზრის სწრაფად შემცირების გათვალისწინებით, აქტიურად ავითარებს და ლობირებს თამბაქოს ახალი პროდუქტის ბაზარს, საკუთარი თავისთვის გრძელვადიანი მომავლის უზრუნველსაყოფად.


საზოგადოებრივი აზრი HRP-ის შესახებ

საინტერესოა, რომ საზოგადოებრივი აზრი ტრადიციული და ელექტრონული სიგარეტის უარყოფით გავლენაზე გაიყო: გამოკითხულთა 20,7% ფიქრობს, რომ ჩვეულებრივი სიგარეტი უფრო მავნებელია, ვიდრე ელექტრონული სიგარეტი, ხოლო 16,8%-ს საწინააღმდეგო მოსაზრება გააჩნია. გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ ისინი ერთნაირად საზიანოა, ხოლო დანარჩენებმა ან უარი თქვეს პასუხზე, ან არ იცოდნენ პასუხი. საზოგადოებრივი აზრი რეგიონულ და გენდერულ ჭრილში ამ ზოგად ტრენდს მისდევს, ერთი მცირედი განსხვავებით – ქალების მხოლოდ 11,4% ფიქრობს, რომ ელექტრონული სიგარეტის მოწევა უფრო საზიანოა.

გრაფიკი 1. როგორ ფიქრობთ, ელექტრონული სიგარეტის მოწევა უფრო საზიანოა ჯანმრთელობისთვის თუ ჩვეულებრივი სიგარეტის?

მოწევისთვის თავის დანებების პროგრამები საქართველოში

WHO-ის მონაცემებით, მოწევისთვის თავის დანებების ხელშეწყობის სერვისების მიწოდებამ, სრული ან ნაწილობრივი დაფარვით, კონსულტაციის, მედიკამენტების და უფასო სატელეფონო კავშირის ჩათვლით, შეიძლება გააორმაგოს თამბაქოს მომხმარებლის შანსები, წარმატებით დაანებოს თავი მოწევას. ამიტომ თამბაქოს მოხმარების კონტროლის ღონისძიებების სრული ეფექტიანობის მისაღწევად, მნიშვნელოვანია მოწევისთვის თავის დანებების ხელშემწყობი მომსახურების სრული სპექტრის შეთავაზება.

საქართველომ თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ეროვნული სტრატეგია 2013 წელს მიიღო. თუმცა, 2021 წლის მონაცემებით, მოწევაზე უარის თქმის ხელშემწყობი სერვისები ხელმისაწვდომია მხოლოდ კერძო სამედიცინო დაწესებულებებში და მათ ღირებულებას მხოლოდ ნაწილობრივ ანაზღაურებს ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევა. მართალია, ვარენიკლინი2 აფთიაქებში ურეცეპტოდ იყიდება, მაგრამ ამ მედიკამენტის ღირებულებას ჯანმრთელობის საყოფელთაო დაზღვევა არ ფარავს. თუმცა 2020 წლის იანვრიდან მოწევისთვის თავის დანებების ხელშემწყობ სერვისებზე წვდომის გასაუმჯობესებლად, მოწევისთვის თავის დანებების ხელშემწყობი სამედიცინო საშუალებები გათავისუფლებულია დღგ-ისა და იმპორტის გადასახადიდან.

გარდა ამისა, საქართველო მწეველთათვის სატელეფონო საკონსულტაციო მომსახურებას უზრუნველყოფს3. 2018 წლის მაისში, თამბაქოს კონტროლის ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, გაიზარდა მოთხოვნა მოწევის შეწყვეტის შესახებ კონსულტაციებსა და ახალ რეგულაციებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე. 2018 წლის მაისიდან დეკემბრის ჩათვლით თამბაქოს ცხელ ხაზზე 3,027 ადამიანმა (2,673 კაცი და 354 ქალი) დარეკა, როცა 2018 წლის პირველ ოთხ თვეში ზარების რაოდენობა მხოლოდ 193 იყო. აქედან მწეველების 60%-ს კონსულტაცია გაუწიეს მოწევის შეწყვეტაზ, 10%-მა მიიღო ინფორმაცია ახალ რეგულაციებზე, ადამიანების 30%-მა კი მიმართა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებას. ცხელ ხაზზე მოთხოვნის შედარებით გაზრდის მიუხედავად, მისი ეფექტიანობა ძალზე დაბალი რჩება; 2019 წლის მონაცემებით, ამ მომსახურებით მწეველთა მხოლოდ დაახლოებით 0,7% ისარგებლა4.

დამატებითი ღონისძიების სახით, 2017 წელს NCDC-მა გამოუშვა მობილური აპლიკაციის ქართული ვერსია, რომელიც მომხმარებლებს მოწევაზე უარის თქმაში ეხმარება5. აპლიკაცია თავდაპირველად შეიმუშავა აშშ-ის კიბოს საერთაშორისო ინსტიტუტის თამბაქოს კონტროლის განყოფილებამ. ინტერაქტიული აპლიკაცია ქმნის მწეველის ინდივიდუალურ ისტორიას, აგზავნის პერსონალიზებულ გამამხნევებელ რჩევებს, გთავაზობთ ინფორმაციას და მითითებას მოწევისთვის თავის დანებების სარგებლიანობის შესახებ. დღევანდელი მონაცემებით, ჩამოტვირთვების რაოდენობა აჩვენებს, რომ ამ აპლიკაციის დახმარებით ათი ათასზე მეტმა მომხმარებელმა სცადა მოწევის შეწყვეტა, რაც ამჟამინდელ მწეველთა მხოლოდ 1,1%-ს შეადგენს.

კვლევის შედეგებმა ასევე ცხადყო, რომ საქართველოში მოწევისთვის თავის დანებების ხელშემწყობი სერვისების ხელმისაწვდომობა და მათზე მოთხოვნა ძალიან დაბალია. რესპონდენტებს ჰკითხეს, ცდილობდნენ თუ არა მოწევის შეწყვეტას ბოლო ერთი წლის განმავლობაში და რომელი მეთოდი გამოიყენეს, რაზეც მონაწილეთა თითქმის ნახევარმა უპასუხა, რომ არ ცდილობდა თავის დანებებას, ხოლო 13,4%-მა კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა. რესპონდენტთა მხოლოდ 2.2%-მა გამოიყენა ნიკოტინის ჩანაცვლებითი თერაპია, სხვა მედიკამენტები და სამედიცინო დაწესებულებებში კონსულტაცია, ხოლო 3.3% გადავიდა ელექტრონულ სიგარეტზე ან გასახურებელ თამბაქოზე. აბსოლუტური უმრავლესობა (32.7%) ცდილობდა მოწევისთვის თავის დანებებას დამატებითი მეთოდების გარეშე – მხოლოდ თვითკონტროლით.

გრაფიკი 2. ბოლო ერთი წლის განმავლობაში გიცდიათ მოწევისთვის თავის დანებება? რომელი მეთოდი გამოიყენეთ?

ეს შედეგები მიუთითებს თამბაქოსთვის თავის დანებების მიმართულებით დამხმარე პროგრამებისა და კამპანიების გატარების აუცილებლობაზე. თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ხელშემწყობი ღონისძიებები, რომლებიც ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას საჭიროებს, უნდა მოიაზრებოდეს როგორც პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც ხელს შეუწყობს საკანონმდებლო და საგადასახადო ზომების გატარებას.


[1] ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც ათბობს და არა წვავს თამბაქოს.
[2] ვარენიკლინი არის მედიკამენტი, რომელიც ნიკოტინზე დამოკიდებულების სამკურნალოდ გამოიყენება.
[
3] ცხელი ხაზი (ტელეფონის ნომერი: 166001) მუშაობს დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე, კვირაში შვიდი დღე.
[4] ავტორის შეფასება ზარების რაოდენობისა და მოწევის გავრცელების საფუძველზე.
[5] პროგრამა სახელწოდებით „თავს ვანებებ“ უფასოა და მისი ჩამოტვირთვა შეგიძლიათ აქ.


მასალის გამოყენების წესები 

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 01 აგვისტო 2021

Captcha Image

Our Partners