ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

საქართველოში თამბაქოს კონტროლის პოლიტიკაზე

თამბაქოს მოხმარება საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 29.9% ეწეოდა თამბაქოს. მამაკაცებში მწეველობის გავრცელება 54.6% იყო. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მეხუთე, ევროპაში კი პირველი ადგილს იკავებდა. UNDP-ის კვლევის თანახმად, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 0.4% ყოველწლიურად სწორედ თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებებით კვდება, მწეველობის მთლიანი წლიური ეკონომიკური ხარჯი კი მშპ-ის 2.4%-ს შეადგენს.

 

თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო და საგადასახადო პოლიტიკა

საქართველოს მთავრობამ ბოლო წლებში არაერთი რადიკალური ცვლილება განახორციელა თამბაქოს კონტროლის მიმართულებით, რაც თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ჯანმრთელობისა და ეკონომიკური ზიანის შემცირებას ემსახურებოდა. ქვეყანამ თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი საზოგადოებისკენ ყველაზე რადიკალური ნაბიჯი 2017 წელს გადადგა, როდესაც დააანონსდა მთელი რიგი ცვლილებები თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში, რეკლამის შესახებ კანონში, მაუწყებლობის შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ამ ცვლილებებით 2018 წლიდან: ა) აიკრძალა მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში; ბ) აიკრძალა თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ყველა სახის რეკლამა; გ) თამბაქოს მწარმოებლებს შეეზღუდათ სპონსორობის უფლება; დ) სიგარეტის შეფუთვაზე 30%-დან 65%-მდე გაიზარდა თამბაქოს მოწევის მავნებლობის გამაფრთხილებელი ნიშნები და სავალდებულო გახდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების გრაფიკული გამაფრთხილებელი ნიშნების დატანა.

პარალელურად, 2017 წლიდან ეტაპობრივად იზრდება აქციზის გადასახადი. 1-ელ ცხრილში წარმოდგენილია, მისი ცვლილება თამბაქოს ნაწარმის მიხედვით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, თამბაქოს ნაწარმის აქციზის გადასახადი შედგება ორი კომპონენტისგან: (1) სპეციფიკური (Sp), რომელიც წარმოადგენს ფიქსირებულ თანხას პროდუქტის ერთეულზე და (2) ადვალორული (Av), რომელიც საცალო სარეალიზაციო ფასის საფუძველზე ანგარიშდება.

ცხრილი 1. თამბაქოს ნაწარმის აქციზის გადასახადი (ლარში Sp-ისთვის და პროცენტებში Av-ისთვის)

ნაწარმი რაოდენობა 1/16 1/17 8/17 1/19 11/19
 Sp Av Sp Av Sp Av Sp Av  Sp Av
სიგარეტი (ფილტრიანი)  20 ღერი 1.1 10 1.7 10 1.7  10 1.7 30  1.7 30
სიგარეტი (უფილტრო)  20 ღერი 0.3 10  0.6 10 0.6 10  1.7 10 1.7 30
თუთუნი, ყალიონისა და ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქო 1 კგ 25    35   35    35   60  
თამბაქოს სხვა ნაწარმი 1 კგ 25    35   35    35   60  
საღეჭი ან საყნოსი თამბაქო 1 კგ 25    35   35    35   60  
კაფსულები და მსგავსი პროდუქტები 20 ცალი         1.7 0.1 1.7 0.3  1.7 0.3
გასახურებელი თამბაქო 20 ცალი         1.7 0.1 1.7 0.3  1.7 0.3
სითხეები ნიკოტინით და ნიკოტინის გარეშე 1 მლ         0.2   0.2   0.2  

 წყარო: საქართველოს საგადასახადო კოდექსი


გატარებული ზომების შედეგები

აღსანიშნავია, რომ თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შეფასება ჯერ არ ჩატარებულა, რადგან თამბაქოს მოხმარების შესახებ (გავრცელება, ინტენსივობა, თავის დანებების მაჩვენებელი და სხვ.) მონაცემები არ არსებობს, რადგან მათ ადგილობრივი წყაროები არ აგროვებენ. ქვეყანაში თამბაქოს მოხმარებაზე უახლესი ინფორმაცია კი WHO-მ შეაგროვა STEPS-ის გამოკითხვის გამოყენებით 2016 წელს. მიუხედავად ამისა, მაინც ვეცდებით, უკვე გატარებული ღონისძიებების გავლენა შევაფასოთ, რისთვისაც თამბაქოს საქართველოს ბაზარზე არსებულ საქსტატისა და ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს გამოვიყენებთ. მიმოვიხილავთ Euromonitor International-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციასაც.

მე-2 ცხრილში წარმოდგენილია სიგარეტის ბაზრის შეფასება 2013-2019 წწ-ში გაყიდული სიგარეტის ღირებულებისა და რაოდენობის მიხედვით. 2013-2016 წწ-ში გაყიდული კოლოფების რაოდენობის მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ თამბაქოს მოხმარება სტაბილური იყო, 2017 წლიდან კი უკვე ვხედავთ შემცირების ტენდენციას. 2018 წელს დაახლოებით 375 მლნ. სიგარეტის კოლოფი გაიყიდა, რაც 35 მლნ. კოლოფით (11%) ნაკლებია 2013 წელთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ სიგარეტის ბაზარი 2019 წლამდე სტაბილურად იზრდებოდა, რადგან ფასის ზრდა გადაწონიდა გაყიდული სიგარეტების რაოდენობას. თუმცა 2019 წელს გაყიდული სიგარეტების მოცულობა წლიურ ჭრილში 14%-ით შემცირდა და 1,152 მლნ ლარი შეადგინა. Euromonitor International-ის მონაცემებით, სიგარეტის ბაზრის ღირებულების მკვეთრი ვარდნა იმან განაპირობა, რომ მომხმარებლებმა იაფ ალტერნატივებზე გადასვლა დაიწყეს, რასაც სიგარეტის არალეგალური გაყიდვებიც ემატება.

ცხრილი 2. სიგარეტის ბაზარი

Table 2. Cigarette market

 ინდიკატორი 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019
სიგარეტის გაყიდვები (მლნ. ₾) 1,212 1,225 1,242 1,329 1,400 1,413 1,152
სიგარეტის გაყიდვები (მლნ. კოლოფი) 421 439 415 410 390 375 ...

 წყარო: Euromonitor International

მე-3 ცხრილზე წარმოდგენილია საქართველოს სიგარეტის ბაზრის ალტერნატიული შეფასება. საქსტატის წარმოებისა და ვაჭრობის მონაცემების გამოყენებით დავითვალეთ ქვეყანაში გაყიდული ქარხნულად დამზადებული და ხელით გახვეული (RYO) სიგარეტების რაოდენობა.

  1. ქარხნულად დამზადებული სიგარეტის ბაზრის ზომა = ადგილობრივი წარმოება + იმპორტი - ქარხნულად დამზადებული სიგარეტის, სიგარისა და სიგარილის ექსპორტი;
  2. ხელით გახვეული სიგარეტის ბაზრის ზომა = ქარხნულად დამზადებული სიგარეტის ბაზრის ზომა + შესახვევი თუთუნის ადგილობრივი წარმოება + შესახვევი თუთუნის იმპორტი - შესახვევი თუთუნის ექსპორტი.

ხელით გახვეული სიგარეტისთვის საჭირო თამბაქოს ნაწარმის (შესახვევი თუთუნის) მონაცემები ტონებშია მოცემული, ამიტომ ამ ტიპის სიგარეტის კოლოფის რაოდენობა დავიანგარიშეთ იმ დაშვებით, რომ 1 სიგარეტი შეიცავს 1 გრამ თამბაქოს. გარდა ამისა, სიგარეტის ბაზრის ზომა დავიანგარიშეთ ფინანსთა სამინისტროს მიერ გაყიდული აქციზის ნიშნების რაოდენობის მიხედვით.

ცხრილი 3. სიგარეტის ბაზრის ალტერნატიული შეფასება (მლნ. კოლოფი)

 ინდიკატორი 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019
ქარხნულად დამზადებული სიგარეტი 520 560 455 467 387 374 180
ქარხნულად დამზადებული და ხელით გახვეული სიგარეტი 651 645 515 514 467 447 274
ქარხნულად დამზადებული სიგარეტი (გაყიდული აქციზის ნიშნის რაოდენობის მიხედვით) 495 486 491 465 397 384 216

 წყარო: საქსტატი, ფინანსთა სამინისტრო, ავტორის გამოთვლები

ქარხნულად დამზადებული სიგარეტის კოლოფების რაოდენობაზე Euromonitor International-ს, საქსტატსა და ფინანსთა სამინისტროს მონაცემები ემთხვევა ერთმანეთს. 2017 და 2018 წელს ბაზრის ზომის შეფასებაც თითქმის იდენტურია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამივე წყარო ერთსა და იმავე დინამიკას აჩვენებს: 2017 წლიდან სიგარეტის ბაზრის ზომა სწრაფად მცირდება, რაც ქვეყანაში გატარებული თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის სერიოზულ მიღწევებზე მიუთითებს. ყველაზე დიდი შემცირება 2019 წელს მოხდა, როდესაც ქარხნულად დამზადებული სიგარეტების გაყიდვა საქსტატის მონაცემებით 44%-ით, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით კი 52%-ით შემცირდა.


თამბაქოს კონტროლში არსებული ხარვეზები

მართალია, მიღებული შედეგები იმედისმომცემია, მაგრამ საქართველომ უნდა გადაჭრას თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, თუ გვინდა, რომ ამ პოლიტიკის ეფექტიანობა კიდევ უფრო გაიზარდოს. მაგალითად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ნაწილში მოწევა ჯერ კიდევ დაშვებულია. ასეთებია კაზინოები, კერძო ტაქსები, სასჯელაღსრულების დაწესებულებები და აეროპორტის სატრანზიტო ზონები.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ თამბაქოს კონტროლის პოლიტიკით მიღწეული შედეგები (რომელიც თამბაქოს მხოლოდ ლეგალური ბაზრისთვის ვაჩვენეთ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით) შეიძლება გააუარესოს არალეგალური (შავი) ბაზრის განვითარებამ. ზოგადად, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის ზრდა არალეგალურ ვაჭრობას ახალისებს, რაც ამცირებს თამბაქოს კონტროლისა და დაბეგვრის პოლიტიკის ეფექტიანობას, რადგან ასეთ ბაზრებზე თამბაქოს ნაწარმი ბევრად იაფი ღირს. დამატებით, თამბაქოს ნაწარმის კონტრაბანდა, არალეგალური წარმოება და ფალსიფიკაცია თავს არიდებს სახელმწიფო გადასახადებს, რაც ამცირებს სახელმწიფო შემოსავლებსაც. მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებული და კონტროლირებადი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები შეიძლება არალეგალური თამბაქოს ნაწარმის წყარო გახდეს. ამ თემაზე ჩატარებული კვლევების თანახმად, საქართველოში სიგარეტით არალეგალური ვაჭრობის მაჩვენებელი დაბალია და 2019 წელს მთლიანი ვაჭრობის მხოლოდ 1.5%-ს შეადგენდა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ტენდენცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, პოლიტიკის გამტარებლებმა განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა მიმართონ თამბაქოს ნაწარმით არალეგალური ვაჭრობის წინააღმდეგ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მოწევისთვის თავის დანებების მხარდაჭერის პროგრამების ხელმისაწვდომობის დაბალი დონე. დღეისთვის ეს სერვისი მხოლოდ რამდენიმე კერძო ჯანდაცვის დაწესებულებას აქვს. ამას ისიც ემატება, რომ ასეთი პროგრამების ღირებულებას ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევა მხოლოდ ნაწილობრივ ანაზღაურებს. პრობლემაა ისიც, რომ მთავრობის მოწევის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა არ მოიცავს თამბაქოს მავნე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებებს. მაგალითად, კანონმდებლობა ერთმანეთისგან არ განასხვავებს თამბაქოს მავნე ზემოქმედების შემამცირებელ პროდუქტებს (მაგ. ელექტრონულ სიგარეტს, გასახურებელ თამბაქოს), ტრადიციულ სიგარეტსა და შესახვევ თუთუნს. მსოფლიოში სულ უფრო მეტი ქვეყანა აღიარებს, რომ თამბაქოს ნაკლებად მავნებელ ნაწარმზე (მაგ. ელექტრონულ სიგარეტზე, საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე, გასახურებელ თამბაქოს ნაწარმზე) შედარებით მეტი წვდომის მიცემა ეფექტური ღონისძიებაა თამბაქოს მავნე ზემოქმედების შემცირებისა და მოწევისთვის თავის დანებებისთვის. სწორედ ამიტომ, სასურველია, ვიფიქროთ თამბაქოს ნაკლებად მავნებელ ნაწარმზე და სიგარეტის განსხვავებულად რეგულირებაზე.

დაბოლოს, გატარებული საგადასახადო პოლიტიკით მიღებული ჯანმრთელობის სარგებელი შეიძლება შეაფერხოს დაბეგვრის ბუნებამ. არსებული მიდგომა სიგარეტის უფრო იაფ ალტერნატივებზე გადასვლას უფრო ახალისებს, ვიდრე მოწევის შემცირებას. ამიტომ, როდესაც თამბაქოს ნაწარმის აქციზის გადასახადის მომავალ გაზრდაზეა საუბარი, ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია.

ჩვენ მომდევნო ბლოგებში კვლავ დავუბრუნდებით ამ თემას.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 01 აგვისტო 2021

Captcha Image

Our Partners