ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

ნამახვანჰესი – საფრთხე თუ შესაძლებლობა?

შესავალი

ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას, რომელთა მთლიანი სიმძლავრე 433 მეგავატი, პოტენციური წლიური გამომუშავება კი 1496 მლნ. კვტსთ (2020 წლის მთლიანი გამომუშავების თითქმის 13%) იქნება. ჰესი მდინარე რიონზე, ქუთაისიდან სულ რაღაც 20 კმ-ში უნდა აშენდეს. პროექტს ორი კომპანია, ნორვეგიული Clean Energy Group (10%-იანი წილით) და თურქული ENKA Insaat ve Sanayi AS (90%-იანი წილით) ახორციელებს. ჰესზე მოქმედებს საქართველოს მთავრობის ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება (PPA), რომელშიც ნათქვამია, რომ პირველი 15 წლის განმავლობაში ჰესზე გამომუშავებულ ელექტროენერგიას წელიწადში 12-დან 8 თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობა შეისყიდის (გარდა მაისის, ივნისის, ივლისისა და აგვისტოსი). დანარჩენი ოთხი თვის განმავლობაში, მფლობელებს შეუძლიათ გამომუშავებული ელექტროენერგია ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე გაიტანონ გასაყიდად. ჰესის მშენებლობა 2021 წლის 1 მარტს დაიწყო და, გეგმის თანახმად, 2024 წლის აგვისტოსთვის უნდა დასრულდეს.

ბოლო თვეებში ნამახვანჰესი ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი საკითხი გახდა ქართველ საზოგადოებაში. პროექტი რამდენჯერმე გააპროტესტა ათასობით ადამიანმა ქუთაისის ცენტრში. პირველი მასობრივი პროტესტი 28 თებერვალს მოეწყო, მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებამდე 1 დღით ადრე.

პროექტის კრიტიკოსთა ერთ-ერთი უმთავრესი არგუმენტი ის არის, რომ მოლაპარაკებები და მოსამზადებელი სამუშაოები გაუმჭვირვალედ ჩატარდა. აქციების მონაწილეები ეჭვქვეშ აყენებენ პროექტის სამართლებრივ ასპექტებსაც. ისინი ამტკიცებენ, რომ საქართველოს მთავრობა ინვესტორს უფასოდ აძლევს ძალიან ღირებულ ეროვნულ რესურსს (მიწასა და წყალს), მიუხედავად იმისა, რომ პროექტის სამომავლო სარგებელი ქვეყნისთვის ნათელი არ არის. ისინი ღელავენ იმ შესაძლო საფრთხეზეც, რაც მდინარე რიონის ხეობის მოსახლეობას შეიძლება დაემუქროს, თუ მდინარეზე კაშხალი აშენდება. პროტესტის მონაწილეები იმასაც ამტკიცებენ, რომ პროექტს საზოგადოებისთვის არ წარუდგენია სანდო გეოლოგიური და სეისმოლოგიური შეფასებები და, ვინაიდან რეგიონი სეისმურად აქტიურია, ნებისმიერმა მცდარმა შეფასებამ შეიძლება არაერთი ადამიანის სიცოცხლე თუ ქონება ხელყოს სტიქიური კატასტროფის დროს. აქციის მონაწილეები იმასაც აღნიშნავენ, რომ ნამახვანი და სხვა მსგავსი პროექტებიც ადგილობრივი თემის ჩართულობით უნდა დაიგეგმოს და დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებები ცენტრალურ მთავრობასა და უცხოურ კომპანიებს შორის უსამართლობაა იმ ადამიანების მიმართ, რომლებზეც პროექტი ახდენს გავლენას. ჰესის მოწინააღმდეგენი იმასაც ამბობენ, რომ პროექტი შეცვლის მიკროკლიმატსა და ეკოლოგიას. დაბოლოს, პროტესტის მონაწილეები ეჭვს გამოთქვამენ, თუ რამდენად საჭიროა პროექტი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის.

ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეები და მთავრობის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ და შეთანხმდნენ, რომ ორივე მხარე ვალდებულია, საკუთარი პოზიციის მართებულობა დაამტკიცოს. ეს აშკარად სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. მხოლოდ ობიექტურ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ღია და კონსტრუქციული დიალოგით შეიძლება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, თუმცა უაღრესად დიდი ზეგავლენის მქონე მსხვილი ენერგო პროექტი განხორციელდეს.

ვფიქრობთ, რომ ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული კითხვები დიდი ხანია გასცდა მხოლოდ მისი საჭიროების ეკონომიკურ მხარეებს, თუმცა ამ ბლოგით ვეცდებით, განვიხილოთ პროექტი უშუალოდ ეკონომიკის კუთხით და შევისწავლოთ, რამდენად (თუ საერთოდ) აკმაყოფილების ჰესი ქვეყნის ენერგეტიკულ საჭიროებებს. ვეცდებით, ვისაუბროთ ყველა იმ შესაძლო გამოწვევაზე, რომელიც მომავალში შეიძლება საქართველოში გაჩნდეს ენერგოუსაფრთხოების კუთხით და, ნამახვანის გამოცდილების ჭრილში, მათი გადაჭრის გზებიც მიმოვიხილოთ.


ენერგოუსაფრთხოება

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს განმარტების თანახმად, ენერგოუსაფრთხოება არის „ენერგორესურსების შეუფერხებელი მიწოდება ხელმისაწვდომ ფასად“. ამ გადმოსახედიდან, ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის ჯერ არ მიუღწევია (ელექტროენერგია ენერგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორმაა), რადგან 2017 წლიდან ქვეყანას მუდმივად აქვს უარყოფითი სხვაობა ელექტროენერგიის გამომუშავებასა და მოხმარებას შორის (იხ. გრაფიკი 1). ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტმა ნათლად აჩვენა, თუ რამდენად არის დამოკიდებული საქართველო ერთ ჰესზე. 2021 წლის პირველ თვეებში დაფიქსირდა, როგორც მოხმარებასა და გამომუშავებას შორის სხვაობის, ისე იმპორტის რეკორდული მაჩვენებელი. წმინდა ექსპორტიც გამომუშავებასა და მოხმარებას შორის არსებულ სხვაობას მიუყვება1. თუ მხედველობაში მივიღებთ ქართული ლარის მუდმივ გაუფასურებას, მზარდი იმპორტი დროთა განმავლობაში სულ უფრო ძვირი დაჯდება. ამას ისიც ემატება, რომ თბოელექტროსადგურები იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე მუშაობს (რაც არ აისახება ელექტროენერგიის იმპორტის სტატისტიკაში), ამგვარად, ელექტროენერგიის ბაზრის იმპორტდამოკიდებულება იმაზე დიდია, ვიდრე ეს ელექტროენერგიის ყოველთვიური ბალანსიდან ერთი შეხედვით ჩანს.

გრაფიკი 1. წლიურ გამომუშავებასა და მოხმარებას შორის სხვაობა და წმინდა იმპორტი

იმპორტის მთლიანი ღირებულება მნიშვნელოვანი სტატისტიკაა, ვინაიდან იმპორტი გამუდმებით იზრდება და მასთან ერთად მისი ღირებულებაც. 2017 წლიდან ელექტროენერგიის სავაჭრო დეფიციტი 2019 წლამდე იზრდებოდა (იხ. გრაფიკი 2). მიუხედავდ იმისა, რომ 2020 წელი გამონაკლისი იყო მთელი მსოფლიოსთვის და ეკონომიკურმა შეზღუდვებმა უარყოფითად იმოქმედა ენერგიის მოხმარებასა და იმპორტზე, საქართველოს სავაჭრო დეფიციტი მაინც მაღალი იყო.

გრაფიკი 2. ელექტროენერგიის ექსპორტი, იმპორტი და სავაჭრო ბალანსი

შედეგად, საკითხავია, რამდენად შეძლებს ნამახვანჰესი საქართველოს ელექტროენერგიის უსაფრთხოების პრობლემის გადაჭრას? საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მონაცემებით, ჰესის სავარაუდო წლიური გამომუშავება 1496 მლნ. კვტსთ უნდა იყოს. ვაჭრობის სტატისტიკიდან ვხედავთ, რომ წმინდა იმპორტი 2019 წელს 1383 მლნ. კვტსთ იყო, 2020 წელს კი – 1456. თუმცა მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს თბოელექტროსადგურების გამომუშავება (2821 მლნ. კვტსთ 2020 წელს – მთლიანი წარმოების 25%), რომელიც იმპორტირებულ ბუნებრივ აირს იყენებს. ელექტროენერგიის მოთხოვნაზე ხელმისაწვდომი მონაცემები ცხადყოფს, რომ ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მომავალშიც განაგრძობს ზრდას. შესაბამისად, აშკარად ვხედავთ განახლებადი ენერგიის გამოყენებით ადგილობრივი გამომუშავების ზრდის აუცილებლობას. სამხრეთ კავკასიის რეგიონს ჯერ კიდევ აქვს პერიოდული კრიზისები – ბევრ ჩვენგანს კარგად ახსოვს 2006 წლის ენერგოკრიზისი, როდესაც რუსეთმა საქართველოში გაზის ექსპორტი აკრძალა. ცხადია, იმპორტირებულ ენერგიაზე ნაკლები დამოკიდებულება უდიდესი უპირატესობაა რეგიონისთვის. უცხო ქვეყნიდან იმპორტირებული ნებისმიერი რესურსი ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს პოლიტიკური ბერკეტი. ამიტომ, რაც უფრო ახლოს ვიქნებით თვითკმარობასთან ამ სექტორში, მით უფრო დაგვაახლოვებს ეს მდგრად და გრძელვადიან განვითარებასთან. თუმცა ამისთვის საჭირო იქნება განახლებადი ენერგიის ბაზის სტაბილური განვითარება, მით უმეტეს, რომ მოსალოდნელია ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა.

ერთ-ერთი უმთავრესი კრიტიკა ეხება მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც ნამახვანჰესზე გამომუშავებულ ელექტროენერგიას გარანტირებულად შეისყიდის 6.2 ცენტად. პროტესტს იწვევს ის გარემოება, რომ ეს ფასი მნიშვნელოვნად აღემატება იმპორტის დღევანდელ ღირებულებას. თუ ჰესი სრული დატვირთვით იმუშავებს და 1500 მლნ. კვტსთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, საქართველოს მთავრობას მოუწევს 93 მლნ. აშშ დოლარის გადახდა, რაც ბევრად აღემატება წინა წლების მთლიან სავაჭრო დეფიციტს.

თუმცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, განაცხადა, რომ ოპერატორი კომპანია ყოველწლიურად 30 მლნ. აშშ დოლარს გადაიხდის ქონების გადასახადის სახით, რასაც ჰესის ოპერირებიდან მიღებული სხვა შემოსავლებიც ემატება. შედეგად, კომპანიის მიერ გადახდილი გადასახადები ბევრად აღემატება იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე გაწეულ ხარჯებსა და ნამახვანის ელექტროენერგიაზე გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობას. გარდა ამისა, სამინისტროში ფიქრობენ, რომ პროექტი რეალიზაციის პერიოდში 1600 ადამიანს დაასაქმებს. თუმცა ეს რიცხვი მშენებლობის დასრულების შემდეგ ბევრად შემცირდება. ენკას მონაცემებით, დასაქმების პროცესში პრიორიტეტი ადგილობრივ მოსახლეობას მიენიჭება.

ენკას მტკიცებით, უამრავ სხვა სარგებელთან ერთად, ნამახვანჰესი ხელს შეუწყობს საქართველოს მიერ პარიზის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებას, კონკრეტულად კი CO2-ის გამოყოფის შემცირებას (ნავარაუდებია გამოყოფის შემცირება 750 000 ტონით).


დასკვნა

ეკონომიკური თვალსაზრისით, ნამახვანჰესმა შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საქართველოს მომავალი ენერგოგამოწვევების გადაჭრაში. ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი ელექტროენერგიაა და ნამახვანჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მნიშვნელოვნად შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას (ჰესი იმდენ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რამდენიც წლიური სხვაობაა ელექტროენერგიის მოხმარებასა და გამომუშავებას შორის). ნამახვანჰესმა ადგილობრივი დასაქმების, საგადასახადო შემოსავლების ზრდასა და CO2-ის შემცირებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანოს.

მეორე მხრივ, ლეგიტიმურია მთავრობისადმი წაყენებული მოთხოვნა გადაჭრას მოსახლეობის, განსაკუთრებით კი რიონის ხეობაში მცხოვრებთა შიშები, რაც პროექტის ეკოლოგიურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზემოქმედებას ეხება.

გაეროსა და პარიზის შეთანხმების პოზიცია ჰიდროელექტროსადგურებზე ნათელია – ის განახლებადი ენერგიის ძირითადი ფორმაა და სხვა განახლებად რესურსებთან ერთად მსოფლიოს მდგრადი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. ფაქტია, ასეა საქართველოს შემთხვევაშიც, სადაც ელექტროენერგიაზე მოთხოვნა უახლოეს მომავალშიც მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ნამახვანჰესის მშენებლობის დასრულების შემთხვევაშიც კი, მეტი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს განახლებადი ენერგიის გამომუშავებაში. სხვაგვარად ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია. ამიტომ აუცილებელია, რომ ამ პროექტში ჩართულმა ყველა მხარემ და განსაკუთრებით მთავრობამ ისწავლოს ამ გამოცდილებიდან და გაიაზროს, თუ როგორ აიცილოს თავიდან კონფლიქტები, განმუხტოს დაძაბულობა და მიაღწიოს ყველასთვის მისაღებ შედეგს.

ერთ-ერთი უმთავრესი ნაბიჯია, მოსახლეობა სრულად და რეალურად იყოს ინფორმირებული მომავალი პროექტების სარგებელზე. ენკამ მთელი რიგი კვლევები (სეისმოლოგიური, გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ჰიდრავლიკური კალკულაციები და სხვ.)  გამოაქვეყნა, მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც მოუწევს აქციების მონაწილეთა კითხვებზე პასუხის გაცემა, რადგან ერთ-ერთ დაინტერესებულ მხარედ სწორედ ეს კომპანია მიიჩნევა. ამ კითხვებზე პასუხი შეიძლება მარტივად გაცემულიყო, თუკი მხარეები დანიშნავდნენ ყველა მხარისთვის მისაღებ კვლევით გუნდს, რომელიც პროექტის პოტენციურ ნეგატიურ ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ შედეგებს შეისწავლიდა და მიღებულ დასკვნებსა და პრობლემის მოგვარების გეგმას წარუდგენდა საზოგადოებას.

მომავალი პროექტებისთვის ასეთი მიდგომის დანერგვას შეიძლება დამატებითი მოსამზადებელი სამუშაოები დასჭირდეს, რაც გაზრდის დაგეგმარების ხარჯებს, თუმცა უფრო გამჭვირვალე და ყველა მხარის ჩართულობაზე ორიენტირებული მიდგომა გაამარტივებს კონსენსუსის მიღწევასა და აშკარად სასარგებლო პროექტებისთვის მეტი მხარდაჭერის მოპოვებას. ხალხსა და ინვესტორებს შორის კონსტრუქციული მოლაპარაკების კულტურის განვითარებაც უმნიშვნელოვანესია, რათა დიდი და სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტები უფრო სწრაფად განხორციელდეს და საინვესტიციო კლიმატი გაუმჯობესდეს, რაც გაზრდის ქვეყნის მიმზიდველობას პოტენციური ინვესტორების თვალში.

დაბოლოს, ყველა უნდა შეთანხმდეს, რომ გამჭვირვალობა, ინკლუზიურობა და გადაწყვეტილებების მტკიცებულებების საფუძველზე მიღება უმნიშვნელოვანესია, როდესაც ნამახვანჰესის მსგავს დიდ და სტრატეგიულ პროექტებს ვგეგმავთ და, უფრო ზოგადად, როდესაც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების მიმართულებასა და გზას განვსაზღვრავთ. სასწორზე ბევრი რამ დევს და ჯანსაღი განხილვები ნამახვანჰესზე და ის, რაც ამ დისკუსიებიდან შეიძლება ვისწავლოთ, უდიდესი შესაძლებლობაა, უფრო თავდაჯერებულად ვიაროთ სწორი მიმართულებით.


[1] ამ ორ ცვლადს შორის სხვაობას იწვევს გამომუშავების სადგურების დანაკარგები, სადგურების თვითმოხმარება და ტრანსპორტირების ხარჯები. სხვაობა თითქმის ყოველთვის მუდმივია და წლიურად 450-500 მლნ. კვტსთ-ს შორის მერყეობს.


მასალის გამოყენების წესები 

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
ორშაბათი, 02 აგვისტო 2021

Captcha Image

Our Partners