ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

მართლმადიდებლური ეკლესია: საკუთარი წარმატების მსხვერპლი?

დიდი ხნის განმავლობაში საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესიის კრიტიკა ტაბუდადებული იყო. თუმცა სულ ახლახანს, თავად ეკლესიის მსახურებმა მოხსნეს ეკლესიას ეს ტაბუ და საჯაროდ გამოიტანეს ეკლესიაში არსებული ურთიერთდაპირისპირება. 2016 წელს, პაპ ფრანსისის ვიზიტს ორმხრივი ბრალდებები მოჰყვა. დეკანოზი დავით ისაკაძე პაპის ვიზიტს ეწინააღმდეგებოდა და ორ დეკანოზს, თეოდორე გიგნაძესა და ალექსანდრე გალდავას სექტანტობასა და ეკლესიის მტრობაში ადანაშაულებდა. ამ ბრალდებებს გამოეხმაურენ დეკანოზი ლევან მათეშვილი და ილია ჭიღლაძე, რომლებმაც ეკლესიას მოუწოდეს, დაეცვა თეოდორე გიგნაძე და ალექსანდრე გალდავა ამგვარი თავდასხმებისგან.

ღია დაპირისპირებამ მწვერვალს 2017 წლის თებერვალში მიაღწია, როდესაც დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც პატრიარქის ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეა, გამოძიების შუალედური შედეგების თანახმად, შეეცადა, ციანიდით მოეწამლა საქართველოს პატრიარქის მდივან-რეფერანტი და ამგვარად ეკლესიაში მეტი ძალაუფლება მოეპოვებინა. მამალაძის ამ სავარაუდო მცდელობის მთავარი მოწმეა მისი მეგობარი და ნათესავი, ირაკლი მამალაძე. მისი ჩვენებით, დეკანოზმა მას სთხოვა, მოეპოვებინა კალიუმის ციანიდი, სანაცვლოდ კი ეკლესიაში კარგ თანამდებობას დაჰპირდა. ირაკლი მამალაძის ჩვენებით, გიორგი მამალაძე გეგმავდა მაღალი რანგის საეკლესიო პირის მოწამვლას და მას დამხმარეებიც ჰყავდა, რომელთა შორის ეკლესიის მსახურებიც არიან. არქიეპისკოპოსმა პეტრე ცაავამ კი დაიწყო საუბარი საპატრიარქოში არსებულ ჩრდილოვან მმართველობაზე და დაასახელა ის საეკლესიო პირები, რომლებიც, ნებით თუ უნებლიეთ, იყვნენ ამ პროცესის მონაწილეები.

ასეთი სახის შიდა განხეთქილება პირველად გასაჯაროვდა და მართმადიდებლური ეკლესიის რეპუტაცია, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ მტკიცდებოდა, შესაძლოა, რისკის ქვეშ დადგეს.


რამ განაპირობა ეკლესიის გაძლიერება ბოლო ათწლეულების განმავლობაში?

არსებობის ადრეულ წლებშივე, საბჭოთა კავშირმა კარლ მარქსის ანტირელიგიური შეხედულებები („რელიგია ხალხის ოპიუმია“) ოფიციალურ პოლიტიკად აქცია და საბჭოთა მოქალაქეებს ათეიზმი დაუწესა. თუმცა ათეიზმმა, როგორც ჩანს, ხალხის გულებში ადგილი ვერ დაიმკვიდრა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,  წევრმა ქვეყნებმა არამხოლოდ დრამატული ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ტრანსფორმაცია განიცადეს, არამედ იდეოლოგიურ ვაკუუმშიც მოექცნენ. ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ეს ვაკუუმი ნაწილობრივ ეკლესიამ შეავსო.

საქართველოს შემთხვევაში, ეკლესიის აღზევება მართლაც შთამბეჭდავი იყო: 1970-იან წლებში ქართველების მხოლოდ 47% მიაკუთვნებდა თავს რელიგიას, ხოლო 1995 წელს ეს რიცხვი 80%-მდე გაიზარდა (ფროუზი, 2004 წ.). ამის მიზეზი კი ის იყო, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქრისტიანობა აღქმულ იქნა როგორც საბჭოთაკავშირამდელი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი და ეთნიკური იდენტობის არსებითი კომპონენტი. ამგვარად, რელიგია აღმოჩნდა ხიდი საბჭოთაკავშირამდელ საქართველოსთან, რომელმაც გააგრძელა საქართველოს საბჭოთაკავშირამდელი ისტორია. შედეგად, გასაკვირი არ იყო, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში მართლმადიდებლურ ეკლესიას ეროვნული იდენტობისა და ერთობის სიმბოლოდ   წარმოადგენდა. მეტიც, როდესაც დამოუკიდებლობის მოპოვებას თან სდევდა მწვავე კრიზისები (ორი სამოქალაქო ომი 1990-იან წლებში, კორუფცია, დანაშაულის მაღალი დონე, ეკონომიკური და სოციალური დაუცველობა), მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მოსახლეობაში იმედის გაღვივება და ნიჰილისტური განწყობის შეცვლა მოახერხა. ამ დროში, სუსტი სახელმწიფოს ლიდერები ცდილობდნენ, ეკლესიასთან მჭიდრო კავშირი ჰქონოდათ და ამით მოეპოვებინათ საზოგადოების ნდობა. მაგალითად, 1995 წელს, მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მთავრობამ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია სამართლებრივად აღიარა და მიანიჭა სხვადასხვა პრივილეგია, ასევე, გამოუყო პირდაპირი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ეკლესიის რეპუტაცია და გავლენა არც ვარდების რევოლუციის შემდეგ შესუსტებულა, პირიქით, უფრო გაიზარდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი მთავრობა შეეცადა, კურსი სამოქალაქო ნაციონალიზმისკენ აეღო (რაც რელიგიური თავისუფლების დაცვასა და პლურალიზმსაც მოიცავდა) და შეევიწროვებინა რელიგიური ნაციონალიზმი, თუმცა ეს მცდელობა არც თუ წარმატებული გამოდგა. სახელმწიფომ დღის წესრიგში შეიტანა მოდერნიზაცია, რეფორმები, ლიბერალური ღირებულებები, მაგრამ ბევრმა თავი ამ დღის წესრიგის მიღმა იგრძნო. შედეგად, მართლმადიდებლური ეკლესია, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობის იდეოლოგიური მეტოქე და მაღალი მორალური ავტორიტეტის მქონე ინსტიტუტი, უფრო გაძლიერდა.

სტატისტიკა იმავე დადებით ტენდეციას ასახავს, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. „მსოფლიო ღირებულებათა კვლევის“ თანახმად, 1994 წლიდან უწყვეტად იზრდება სამივე ცვლადი: ნდობა ეკლესიის მიმართ, რელიგიის მნიშვნელობა და ეკლესიაში დასწრება. საინტერესოა, რომ ქართველებში ეკლესიაში დასწრების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ეკლესიის მიმართ ნდობის მაჩვენებელს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის მნიშვნელობა ცდება რელიგიურ გრძნობებსა და პრაქტიკას. ეს უკვე აღნიშნა ჩარლზმა (2009 წ.), რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველო, გარკვეულწილად, ატიპური შემთხვევაა, რადგან ბევრ ქვეყანაში, მაგალითად, პოლონეთში, ეთიოპიაში, რუანდასა და ბრაზილიაში, ეკლესიაში სიარული უფრო გავრცელებულია, ვიდრე ეკლესიის მიმართ ნდობა. ამ გარემოებამ, შესაძლოა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია უფრო მგრძნობიარე გახადოს შიდა კონფლიქტების მიმართ.


რა იქნება მომავალში?

ავნერ გრეიფის, სტენფორდის უნივერსიტეტის ცნობილი ეკონომისტის აზრით, ჩამოყალიბებული ინსტიტუტები ოპტიმალური პასუხია არსებულ გარემოებებზე.   ამავდროულად, შესაძლოა, თავად ინსტიტუტებმა განაპირობონ იმ პარამეტრების ცვლილება, რომელთა მიხედვითაც მოქმედებენ (ის ამ პარამეტრებს, რომლებიც ინსტიტუტების ზემოქმედების ქვეშ ექცევა, „კვაზიპარამეტრებს“ უწოდებს). მაგალითად, რომის რესპუბლიკა ძალზე წარმატებული იყო, მრავალი გამარჯვება მოიპოვა და რომის იმპერიაც გაფართოვდა. თუმცა ამ წარმატებულ განვითარებას კიდევ უფრო მძლავრი სამხედრო აპარატი ესაჭიროებოდა, რომელმაც, საბოლოოდ, იულიუს კეისრის მეთაურობით, რესპუბლიკა დამხობასა და დიქტატურამდე მიიყვანა. მსგავსად, ევროპაში შუა საუკუნის გილდიებმა ინდუსტრიალიზაციას შეუწყეს ხელი, მაგრამ, ამავდროულად, ამით დაასუსტეს ხელოსნები და მოვაჭრეები, რომლებიც ამ გილდიის წევრები იყვნენ. ორივე შემთხვევაში, წარმატებულმა ინსტიტუტებმა გავლენა იქონიეს იმ პარამეტრებზე, რომელთა მიხედვითაც მოქმედებდნენ, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე ეს ინსტიტუტები ვეღარ მოერგენ მათ მიერვე შექმნილ გარემოებებს. შეიძლება თუ არა ამგვარი ბედი ეწიოს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასაც?

ღარიბი და არაგავლენიანი ეკლესია მის წევრებში ძალაუფლებისთვის ბრძოლის სურვილს არ აღძრავს. წარმატება, მეორეს მხრივ, ახალისებს შიდა დაპირისპირებას, რადგან შედეგი ბრძოლად ღირს. ამ თვალსაზრისით, ჩვენ თვალწინ განვითარებული მოვლენები, შესაძლოა, ბოლო 25 წლის განმავლობაში ეკლესიის უპრეცედენტო წარმატების შედეგი იყოს. გაუძლებს კი ეკლესია ამ გამოწვევას? მხოლოდ ღმერთმა უწყის.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2020

Captcha Image

Our Partners